აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების რამდენიმე ობიექტს სტუმრობდა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მთავრობის თავმჯდომარეს მათი პრობლემები გააცნეს და ობიექტებში არსებულ პირობებზე ესაუბრნენ.

დევნილებთან შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ საჩუქრები სანატორიუმებში („ბალნეოლოგიური", „ბორჯომი", „ლიკანი2" და „ლიკანი3") მცხოვრებ ბავშვებს გადასცა. საჩუქრები ასევე მიიღეს პანსეონატ „პლატო"-სა და საერთო საცხოვრებელ „მთისხევში" ჩასახლებულმა დევნილმა მოზარდებმა. საერთო ჯამში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისაგან საჩუქრები 500-მდე დევნილ ბავშვს დაურიგდა.

აღნიშნულ კომპაქტურ ჩასახლებებში 822 აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

ღონისძიება აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერით მოეწყო.