გასული 2 დღის მანძილზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მთავრობის ხელმძღვანელმა დევნილებთან გასული წლის შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე განხილული თემებისა და ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ. ასევე, ყოლბაიამ დევნილებს აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის დეტალებიც გააცნო.
იმერეთის რეგიონში შეხვედრებს ესწრებოდა იმერეთის გუბერნატორი გოგი ჭიჭინაძე და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სამეგრელოში კი ზუგდიდის საკრებულოს მოადგილე მერაბ ქვარაია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრები კითხვა-პასუხისა და ცოცხალი განხილვის რეჟიმში წარიმართა. განხილულ იქნა დევნილთა პრობლემები და სხვა საჭირბოროტო საკითხები. აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელს თან ახლდნენ აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე კუჭუხიძე და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერი ბასარია, რომელებიც დევნილებს მათ კომპეტენციაში შემავალი პრობლემების მოგვარებას შეპირდნენ. ბათუმში, დევნილთა ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოციალურ პრობლემებს. ყოლბაია დევნილებს პრობლემების განხილვასა და მოგვარებას დაჰპირდა.
აჭარის შემდეგ, შეხვედრები ზუგდიდში გაგრძელდა. ვახტანგ ყოლბაიამ დაათვალიერა ზუგდიდში მშენებარე სოციალური და ეკონომიკური პროექტები. მისი განცხადებით, სოფელ რუხში მშენებარე სასათბურე მეურნეობა ვადებში ჯდება და 2016 წლის დასაწყისში, უკვე გაჩნდება პირველი ნათესები.