ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკა მაღალ ტექნოლოგიური ულტრაბგერითი კვლევის აპარატითა და სისხლის ჰემატოლოგიური ანალიზატორით აღიჭურვება.

ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შენობაში გაიმართა. ღონისძიებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მონიკა ლენჰარდი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკას დირექტორი გოჩა ლიპარტია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ. 2015 წელს გაცემული გრანტი სრულად მოხმარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვას. პროექტის ფარგლებში 2015 წლის აგვისტოში სენაკის დევნილთა პოლიკლინიკას ექოსკოპიის აპარატი გადაეცა.