ქალაქ მცხეთაში, სასტუმრო „მცხეთაში" ჩასახლებულ აფხაზეთიდან დევნილებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აფხაზეთის მთავრობის, მცხეთის გამგეობისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვრის" წარმოამდგენლები შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ნუგზარ ყიფიანი, მცხეთის მერიის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები.
შეხვედრა დიალოგის ფორმატში მიმდინარეობდა. ხელისუფლების წარმოამდგენლებმა მოისმინეს დევნილთა პრობლემები, რომლებიც ძირითადად საცხოვრებელი ფართისა და კომუნალურ საკითხებს ეხებოდა. ვახტანგ ყოლბაიამ და მცხეთის მერმა მათ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა და დახმარების პირობა მისცეს. აფხაზეთის მთავრობის წევრებმა დევნილებს „წითელი ჯვრის" მიერ მიწოდებული ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს.
ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ამ სასტუმროში ჩასახლებულ დევნილებს განსაკუთრებით ბევრი პრობლემა აწუხებთ, რომელთა შორის უმთავრესი საცხოვრებელი ფართია. მისი თქმით, სანამ დევნილების საცხოვრებლებით დაკმაყოფილება მოხდება, აფხაზეთის მთავრობა სხვა უწყებებთან ერთად შეეცდება ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას.