„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ეზოში „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
„საპატიო თბილისელის“ წოდება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბიულ-ბიულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გიორგი (გია) ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან დოლიძემ და გიორგი შენგელაიამ.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „საპატიო თბილისელებს“ სიგელები და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა. სიმბოლური გასაღები საპატიო თბილისელებთან ერთად ქართველმა მორაგბეებმაც მიიღეს. ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ „ბორჯღალოსნებს“ „წლის წარმატებული სპორტსმენის“ სპეციალური სამკერდე ნიშნებიც გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, კულტურის მოღვაწეები და დედაქალაქის სტუმრები დაესწრნენ.