აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, 1987-1989 წლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს პარლამანეტის წევრის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, ოთარ ზუხბაიას 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა. საღამოზე ოთარ ზუხბაიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ვიდეოკლიპისა და წიგნის პრეზენტაცია მოეწყო.
სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საკანონმდებლო, აკადემიური წრეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ზუხბაიას ოჯახის წევრებიც.
შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი ვახტანგ ყოლბაია.
„ოთარ ზუხბაია ბევრი რამით იყო გამორჩეული, მაგრამ მისი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი შტრიხი სამშობლოს უზომო სიყვარული იყო; ის შეყვარებული იყო აფხაზეთზე. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა არ მომხდარიყო ეს ძმათამკვლელი ომი. ბატონი ოთარისადმი მიძღვნილი ჩვენი დღევანდელი საღამო იმას ემსახურება, რომ შევახსენოთ ჩვენს ახალგაზრდობას, რომ ქვეყნის სიყვარულში მთავარია პატრიოტიზმი, შენი შესაძლებლობების მორგება შენი ქვეყნისათვის, რასაც აკეთებდა ბატონი ოთარი“. – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.