დღეს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის გახსნით მიულოცა. სკოლის გახსნას აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრი დალი ხომერიკიც ესწრებოდა.
აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია „CHF -international"-ის პროგრამა „ბავშვი"-ის ფარგლებში USAID დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნულ დონორთა დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს აფხაზეთის №21 და №6 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.
სასკოლო ინვენტარი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო, ხოლო აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მოხდა აფხაზეთის საჯარო სკოლების სასკოლო და სპორტული ინვენტარით განახლება.
,,ახალი სასწავლო წლის დაწყება მინდა, მივულოცო აფხაზეთიდან დევნილ ყველა მოსწავლეს, ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ბავშვებს, რომლებიც წელს პირველად მიდიან სკოლაში. ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან,რადგანაც შარშან წარმატებული მოსწავლეების დიდი ნაწილი გალის უკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებიდან იყო. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეები გარემონტებულ სკოლაში მეტი მონდომებით გააგრძელებენ სწავლას და კარგი განათლებით შექმნიან ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს" -განაცხადა გიორგი ბარამიამ.
წელს, აფხაზეთის საჯარო სკოლებში 200-ზე მეტი პირველკლასელია, ყველა მათგანს გადაეცემა ნეტ-ბუქი, აგრეთვე 700-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს.