აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით 6 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, პრაღაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014 („ბრილიანტის ხმები") ფარგლებში, „აფხაზეთის კულტურის დღეები" გაიმართა.
საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მომღერლები 16 ქვეყნიდან, საქართველოს სახელით გასულმა, აფხაზეთიდან დევნილმა მარიამ პაჭკორიამ მესამე ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი გავიდა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი კუბელი მონაწილე გახდა. სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებთან ერთად მოეწყო აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის დავით ბაძაღუას ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო სამუშაო შეხვედრები ჩეხეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში.
ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ზურაბ ჯგუბურია და ჩეხეთში საქართველოს ელჩის მოაგდილე ალექსანდრე ჭელიძე ჩეხეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს კატერინა კალიგსტოკას შეხვდნენ.
შეხვედრისასა საუბარი შეეხო აფხაზეთში მდებარე ქართულ სკოლებში არსებულ პრობლემებს, ასვე დევნილობაში აფხაზეთის კულტურის კერების- თეატრების, სამუსიკო სკოლებისა და სასწავლო ცენტრების საქმიანობას. ისაუბრეს აფხაზეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად სამომავლო პროექტების განხორციელებაზე.
აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე შეხვედრები გამართეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატში საქართველო-ჩეხეთის პარლამენტის ჯგუფის ხელმძღვანელებთან და უსაფრთხოებისა და ევროპარლამენტის კომისიის წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრებმა ჩეხეთის პარლამენტარებს გააცნეს აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობა, აფხაზეთში არსებული ვითარება. შეთანხმდნენ, რომ ჩეხეთის პარლამენტი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დაგეგმავენ სამუშაო და საქმიან სამომავლო შეხვედრებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კარლოვი ვარის მხარის მერთან პეტრე კულანეკთან, სადაც ისაუბრეს მათი მხრიდან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის დახმარების გზების მოძიებასა და კულტურულ თანამშრომლობაზე.
ქართულმა დელეგაციამ მონიშნა ის სახლი, სადაც 1923-39 წლებში პრაღაში ცხოვრობდა საქართველოს მთავრობის წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე არზაყან ემუხვარი, რომელმაც საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად 1921 წელს იძულებით დატოვა საქართველო. მის შთამომავალს ნატო მარშანიას კი ამ ადგილის მოძიებაში დაეხმარნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ პრაღაში.
ვიზიტის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია მიწვეულნი იყვნენ პრაღაში „რადიო თავისუფლების" ქართულ რედაქციაში, სადაც სტუმრებს თბილი დახვედრა მოუწყვეს „რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის უფროსმა დავით კაკაბაძემ, რედაქტორმა ოქროპირ რუხაძემ და რადიომაუწყებლობის თანამშრომლებმა.
გადაცემაში „დაბრკოლების ზოლი" აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჟურნალისტ კობა ლიკლიკაძის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და შეაჯამეს აფხაზეთის კულტურის დღეები. ასევე, ისაუბრეს რუსეთ-აფხაზეთს შორის დადებულ ხელშეკრულების შესახებ, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის პრობლემატიკაზე.
პრაღაში „აფხაზეთის კულტურის დღეები"-ს ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული ჩეხეთში საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი ზაზა გოგსაძე.