26 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, პრაღაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის Diamonds Voice-2014 („ბრილიანტის ხმები") ფარგლებში, „აფხაზეთის კულტურის დღეები" იმართება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი პრაღაში ყოველწლიურად ტარდება და მასში ტრადიციულად სხვადასხვა ქვეყნის ინდივიდუალური შემსრულებლები და საესტრადო ანსამბლები მონაწილეობენ.
ფესტივალის ორგანიზატორის (სამოდელო სახლი NARIMODELS, ing. Iosef Cermak) და გენერალურ სპონსორების (Hotel TDP PRAGUE, Metropolitan District Prague 6, პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის, კომპანია Ekotekhnika CZ, Radio CZ-I და სხვ.), პატრონაჟით ფესტივალში წელს პირველად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და ხელოვნების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციას მიაწვდიან ჩეხეთის პოლიტიკური, მედიის, კულტურის, სამეცნიერო წრეებისა და ჩეხეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში, პრაღის მერიაში და კარლოვი-ვარის მხარის გუბერნატორთან.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა კატალოგის და ნამუშევრების გამოფენა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების, ისტორიკოს ჯემალ გამახარიას „აფხაზეთის ისტორია" (ჩეხურ ენაზე) და ზურაბ ჯგუბურიას „ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში" წიგნების (ქართულ-რუსულ-ინგლისურ-ფრანგულ ენებზე) პრეზენტაცია-გავრცელება ფესტივალის მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს შორის.
ფესტივალ Diamonds Voice-2014 -ის საერთაშორისო ჟიურის წევრთა შორისაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი.