შეზღუდული შესაძლებლობის დევნილ მოზარდებს ინვალიდის ეტლები გადაეცათ

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და ორგანიზაცია "საზოგადოებრივი აზრის" ინიციატივითა და დახმარებით 20 დევნილ მოზარდს საჩუქრად ინვალიდის ეტლები გადაეცათ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებმა, ავსტრიული წარმოების მექანიკური ეტლები საქველმოქმედო ფონდების - "სიცოცხლის ხის" და "ქვიშის საათის" მხარდაჭერით მიიღეს.

მოზარდებს ეტლები გადასცეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალური საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ეზუგბაიამ და ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის" ხელმძღვანელმა მიშიკო დიაკონიძემ.ღონისძიებას საქველმოქმედო ფონდი "ქვიშის საათის" ხელმღვანელი მარიკა შენგელია და აფხაზეთის განათელბისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ორგანიზაცია "საზოგადოებრივი აზრის" მხარდაჭერით ინვალიდის ელტები საქართველოს მასშტაბით 30-მდე დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობის პირს ეტაპობრივად დაურიგდება.