აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია პოლონეთის საგანმანათლებლო ორგანიზაცია ,,ედუკატორის'' საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების კოორდინატოს მაჟენა რაფალსკას და პოლონეთის პირველი არხის (რადიოს) ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრას ,,კივიტა ჯორჯია"-ს სასკოლო მზაობის პროექტების კოორდინატორი ალექსანდრე კალანდაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარინა შენგელია ესწრებოდნენ.
შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. პოლონურმა მხარემ ვახტანგ ყოლბაიას გააცნო ის პროექტები, რომლებსაც ორივე ორგანიზაცია ერთობლივად დევნილი ბავშვებისათვის ახორციელებს. დღემდე 16 სოფელში, სკოლების ბაზაზე მათ გახსნილი აქვთ სასკოლო მომზადების ცენტრები (ბაგა-ბაღები). ერთად მუშაობენ საგანმანათლებლო პროექტზე, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის აღმზრდელობითი ცენტრების შესაქმნელად. ასევე, ეხმარებიან სკოლებს სასკოლო ინვენტარით, წიგნებით და სხვადასხვა ნივთებით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვთ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამის ამუშავებაც.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლონური მხარის მონაწიელობაზე საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში და არა მხოლოდ საგანმანათლებლო მიმართულებით. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მოისმინა ინფორმაცია და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მათ საქმიანობაში. შეხვედრაზე გამოითქვა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი.
„პოლონელებთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. სკოლამდელი განათლება ფუნდამენტური საწყისია მოქალაქის ჩამოყალიბებაში. ევროპის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული თანამედროვე მიდგომები ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ის უკვე დიდი ხანია ევროპის ნაწილია", - აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთა შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ.