ზუგდიდში საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმდინარე პროექტები განიხილეს.
სხდომას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდნენ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია ვახტანგ ყოლბაიამ მიაწოდა.
ასევე, სხდომის მონაწილეებმა იაპონიის მთავრობის პროგრამით ,,GRASROOT„ დაფინანსებული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოწყობილი სასათბურე-სადემონსტრაციო მეურნეობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.