აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრისა და საქართველოს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დედის დღისადმი მიძღვნილ საღამო სახელწოდებით „მადლობა უკვდავებაში გარდასულ შვილთა დედებს" გაიმართა.
საღამოზე შეკრებილ დედებს სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა,აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე სვეტლანა ქეცბამ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ზურაბ შამუგიამ და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებმა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
საღამოს ბოლოს მეომართა დედებისათვის დედის დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა.