ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ფესტივალ „არტ-გენის“ ფარგლებში უკვე ტრადიციად ქცეული „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა. ფესტივალზე აფხაზეთი და მისი მდიდარი კულტურული ტრადიციები ფოლკლორულმა ანსამბლმა „დიოსკურიამ“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „მირონმა“ წამოადგინეს.
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე წლებია, რაც იმართება და მისი მიზანი ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობაა. ფესტივალის ფარგლებში იმართება კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, ასევე ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები.