ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის №11 საჯარო სკოლაში ილია ვეკუას დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის დაბადებიდან 111-ე იუბილესთან დაკავშირებულ საღამოს დაესწრო. 

საღამოზე სკოლის მოსწავლეებმა გაიხსენეს ილია ვეკუა და მისი მოღვაწეობის პერიოდი. მოწვეული სტუმრების წინაშე წაიკითხეს ლექსები, ასევე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ვახტანგ ყოლბაიამ ილია ვეკუას კვირეულის ფარგლებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულ ნორჩ მათემატიკოსებს სამახსოვრო სიგელები გადასცა.

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, სკოლის დირექტორი მზევინარ გელანტია, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

2017 წლიდან აფხაზეთის №11 საჯარო სკოლა გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას სახელს ატარებს. სკოლაში ფუნქციონირებს მისივე სახელობის მათემატიკური კლუბი, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი როგორც დაწყებითი, ისე ზედა საფეხურის მოსწავლეები.