ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არასრულწლოვანთა ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე - მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე. აღინიშნა, რომ გალის რაიონში ქართველებისთვის არ არსებობს არცერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ბავშვები განათლების მშობლიურ ენაზე მიღებას შეძლებენ. ხაზი გაესვა გალის რაიონში  არსებულ სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვის საგანგაშო ტენდენციას.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის ეთნიკურობის იძულებით შეცვლის ფაქტები და პასპორტიზაცია, საუბარი ასევე შეეხო თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და იძულებულ გადაადგილებულ პირთა უძრავი ქონების საკითხს. შეთანხმდნენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის მიზნით მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო თანამეგობრობის შესაძლებლობები.

„მნიშვნელოვანია თქვენი კომიტეტის მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ქართველი მოსახლეობისათვის რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან საკუთარი უფლებების დარღვევას. ვფიქრობ, რომ ყველა უწყების ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა გარდატეხას შეიტანს არსებული პრობლემების დაძლევაში.", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდა.