ქალაქ ქობულეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები და იურიდიული კონსულტაციები ჩაუტარდა

ქობულეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ გეგმიური პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

გამოკვლევების ფარგლებში დევნილმა მოსახლეობამ სხვადასხვა პროფილის ექიმის მომსახურება მიიღო. ასევე ჩატარდა ინსტრუმენტული გამოკვლევები: ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა და C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგი.

ექიმების დანიშნულების შესაბამისად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე გაიცა მედიკამენტები.

სამედიცინო გამოკვლევებთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქობულეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას ყველა საჭირო საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს.

გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.