აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაია: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს აფხაზეთში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიწვეული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხის“ თოქ-შოუში „არგუმენტების დრო“. თემა – ჟენევის მოლაპარაკებების 34-ე რაუნდი. გთავაზობთ ამონარიდებს ყოლბაიას გამოსვლიდან.

„ქართული ენის სწავლების პრობლემა ჟენევაში ძალიან სერიოზულ დონეზე დაისვა. ამ თემაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი გაეროს ტრიბუნიდან, სხვადასხვა შეხვედრებზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზეც დაისვა. აფხაზების მხრიდან, ხშირად არის საუბრის სხვა თემებზე გადატანის მცდელობა, რადგან სოხუმში თვლიან, რომ ეს ის თემა არაა, რომელზეც დრო უნდა დაიხარჯოს. მათვის მნიშვნელოვანია ის საკითხები, რომლითაც თავად არიან დაინტერესებულნი. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული პრიორიტეტები და ერთ-ერთი მათგანი არის დევნილთა საკითხი. საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე თამამად მიუთითებენ იმ საერთაშორისო კონვენციებზე, რომელთა მიხედვითაც, მშობელს უფლება აქვს მისმა შვილმა ისწავლოს იმ ენაზე, რომელიც მას სურს. ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია შეუვალია“.

„ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევის საწინდარი უნდა გახდეს. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ იქამდე, რომ ოპონენტები არ დავაფრთხოთ. საერთაშორისო თანამეგობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კონსტრუქტივიზმი, მოწადინება. ვსაუბრობთ დევნილთა დაბრუნების საკითხზე, ეკოლოგიის საკითხებზე. მიმაჩნია, რომ ის გზა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ, საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს, მე მას შემოვლით გზას ვუწოდებდი, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“.

„აფხაზეთში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. იზრდება უკმაყოფილება. ეს ჟენევაშიც იგრძნობა. აფხაზეთის ე. წ. ხელისუფლებისთვის ძალიან საშიშია აფხაზების თბილისისკენ შემობრუნების ტენდენცია. ალბათ გსმენიათ, რომ აფხაზები ხშირად კბილის ამოსაღებადაც კი თბილისში დადიან, ესწრებიან საფეხბურთო მატჩებს. ამ ყველაფერს, ე. წ. ხელისუფლების მხრიდან უკვე ისეთი პროტესტი აღარ მოსდევს, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ე. ი. აფხაზეთის საზოგადოებაში რაღაც იცვლება“.

„სოხუმის ე. წ. პარლამენტში, ეროვნებით სომეხ დეპუტატთა ჯგუფმა წამოწია რკინიგზის აღდგენის თემა, თუმცა აფხაზების მხრიდან სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ამიტომ ამ მარშრუტის აღდგენის საკითხი ერთგვაროვანი არაა. ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად, საუბარი იყო ზღვის შელფის ამოქმედებაზეც, რასაც „როსნეფტი“ ძალიან ცდილობს. დასმულია მიწების პრივატიზაციის საკითხიც. რუსეთიდან პრაქტიკულად შეფერხებულია სოხუმისთვის ფულის ნაკადის მიწოდება. რკინიგზის თემა ნამდვილად არაა სერიოზული, მოსკოვი კარგად აცნობიერებს, რომ თბილისის გარეშე რკინიგზას ვერ გაიყვანს“.

„რა თქმა უნდა, ხაჯიმბა ვერ მიიღებდა მკვეთრ გადაწყვეტილებებს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, რადგან ეს სოხუმზე აღარ არის დამოკიდებული. მათი შესრულების ბერკეტები არის არა სოხუმში, არამედ მოსკოვში. მოვლენების ამჟამინდელი განვითარებით მოსკოვი, როგორც ჩანს, ჯერჯერობით უკმაყოფილოა. სოხუმში ხაჯიმბა ვერ მისცემს თავის თავს იმის უფლებას, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთოს, როგორც მოსკოვს უნდა. გამორიცხული არაა მოსკოვმა კვლავ გამოიყენოს ხელების გადაგრეხის პოლიტიკა ხაჯიმბას წინააღმდეგ, ვგულისხმობ მის შეცვლას. ამის ინიციატორი კი შესაძლოა ისევ აფხაზეთის საზოგადოება იყოს. ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა შევხედოთ იმ საკითხს, რომ აფხაზები ერთბაშად დაიძვრებაიან თბილისისკენ. საჭიროა დრო, რომ მათ გააცნობიერონ, მოსკოვის ნამდვილი დამოკიდებულება სოხუმის მიმართ. ეს პროცესი კი ნელ-ნელა მიმდინარეობს“.

„ევროპული მომავალი აფხაზებისათვის უცხო არაა. ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ თუ რა სიკეთე მოაქვს ევროინტეგრაციას. ამაზე სოხუმში ხმამაღლა არ საუბრობენ. რუსეთის წნეხის შიშით ეს თემა პოლიტიკურ ელიტაში ჩახშობილია. ძალიან დიდი დაკვირვება არ არის საჭირო იმის დასანახად, თუ რამდენად უნდათ მათ ევროინტეგრაცია. ყველას აინტერესებს თავისი ოჯახის, თავისი შვილების ბედი, ჯანდაცვის სიკეთეები, ევროპაში განათლების მიღება. ვფიქრობ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან სერიოზულ გავლენას მოახდენს აფხაზეთში“.