ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის მოკლე ანგარიში მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ წარმოადგინა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ცალკეულ ასპექტებზე, გამოწვევებზე, რისკებსა და პერსპექტივაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების დინამიკა ზრდადია და 2016 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 3920 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, მაშინ, როცა წინა წელს ეს რიცხვი 2869-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც მიიღეს, და მათი რიცხვი 10%-ს აღემატება. მინისტრის განცხადებით, საკმაოდ გაიზარდა ასევე გასვლითი პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების რაოდენობა და სამინისტრო ამ პროცესის შედეგად გამოვლენილ ავადმყოფთა შემდგომ ბედზეც ზრუნვას.
მინისტრის გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.
რამდენიმე ამონარიდი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მოსმენიდან:
ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისმოვალეობის შემსრულებელი
„ჩვენ დღეს ვიხილავთ დევნილთა ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურების საკითხებს, რაც დევნილი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა დღეს წარმოადგინა მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ დევნილთა სამედიცინო შემოწმება ყოველ წელს უმჯობესდება, რეგიონული მასშტაბით კი იზრდება დევნილთა რაოდენობა, რომლებიც კვალიფიციურ შემოწმებას გადიან. ეს განხილვა, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში აკაკი ზოიძის უშუალო მონაწილეობით შედგა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პარლამენტის მხარდაჭერა და ზედამხედველობა დევნილების ჯანდაცვის პრობლემებზე ხარისხობრივად გააუმჯობესებს ჩვენს ძალისხმევას იმ თვალსაზრისით, რომ შევძლოთ ყველა დევნილამდე მისვლა და ყოველი მათგანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზნით იქმნება ჯანდაცვის კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დიდ დახმარებას გაგვიწევს ჩვენ და დევნილთა საზოგადოებას. ჩვენ კი ასეთ მოსმენებს ტრადიციად ვაქცევთ და სხვადასხვა კომიტეტებში დემოგრაფიული, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოციალური, გარემოს დაცვის და სხვა მრავალ საკითხებზე ანგარიშს წარვადგენთ, რომელზეც აფხაზეთის მთავრობა მუშაობს. ვფიქრობ კამათი, დისკუსია, დებატები აუცილებელია. ეს ხელს გვიწყობს სწორი გადწყვეტილებების მიღებაში, რაც მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ჩვენს მიერ გასაკეთებელ საქმეებს.
რაც შეეხება ბინების განაწილების საკითხებს. სულ ახლახან ჩაბარდა 144 ბინა, წელს კიდევ 300 ჩაბარდება, მაგრამ ძალიან ბევრი 5000 კაცამდე დგას რიგში. ველაპარაკეთ დევნილთა სამინისტროს. როგორც გაირკვა ამ დღეებში მოხდება ქულების გადასინჯვა, მაგრამ მხოლოდ იმ ქულების, ვინც ამას მართლა საჭიროებს. კამათში მონაწილე ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა საკითხზე უნდობლობა არ არის სწორი მიდგომა. მეც მაქვს გარკვეული შეკითხვები იმ ხალხისადმი ვისაც უცბად მაღალი ქულები გაუჩნდა. ყველას ვიცნობ და ვიცი, ვინ როგორ მიიღო ბინები, მაგრამ ყველაფერს სჭირდება სამართლებრივი მიდგომა. ამიტომ მე მზად ვარ დავსხდეთ და ყველა საკითხი განვიხილოთ“.
აკაკი ზოიძე – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
„დევნილის სტატუსზე მინდა განცხადება გავაკეთო. მინდა ძალიან მკაფიოდ გამოვთქვა, „ქართული ოცნების“, მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიცია. სანამ არ მოხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა, დევნილის სტატუსის გაუქმებაზე საუბარი წარმოუდგენელია. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც ამ მიმართულებით კითხვის ნიშნებს გააჩენს, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. უნდა გავითვალისწინოთ ბატონი სოზარის მიერ გაკეთებული განცხადებებიც. არცერთი თეთრი არ დააკლდება დევნილთათვის გამოყოფილ თანხებს, პირიქით დროთა განმავლობაში მოემატება კიდეც.
რაც შეეხება იმას თუ საიდან ხდება ამ ადამიანების დახმარება, ვფიქრობ, ყველასთვის ცნობილია. ამიტომ კამათში მონაწილე მხარეს მივმართავ. პოლიტიკურ განცხადებებს თავი დავანებოთ. ეს თანხა იხარჯება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. იქ ლტოლვილების დახმარებაზე მესამედი რომ მოგახსენეთ, არის 140 მილიონი ლარი და არა ის, რასაც თქვენ ბრძანებთ. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს აპარატი მუშაობს იმაზე, რომ დევნილთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან საკმაოდ დიდი ნაწილი გამოიყოფა დევნილებისთვის, ხშირ შემთხვევაში ამ ყველაფრის ადმინისტრირებას ახორციელებს სწორედ ეს აპარატი.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში მყოფი მთავრობაა. ამ მთავრობის თბილისში ფუნქციონირება უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. ჩვენ და მთელი დასავლური სამყარო, უამრავი საქართველოს მეგობარი, მშვიდობიანი გზებით იბრძვის იმისთვის, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში. ყველას გვჯერა, რომ ერთ დღეს ეს მოხდება. დევნილი აფხაზეთის მთავრობა კი ამ მოვლენებისთვის მუდამ მზად უნდა იყოს. ამიტომ ამ თემით სპეკულირება სრულიად მიუღებელად მიმაჩნია“.
შეხვედრის მონაწილეები პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის წინადადებით, გადაწყდა, რომ წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად კომიტეტთან სამუშაო ჯგუფს შექმნიან და ეს თემა კომიტეტის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნება.