2017 წლის 9 თებერვალს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წარადგინა ანგარიში, სადაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას და კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ეხება, იმსჯელეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს სხვდასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. განხილვაში მონაწილეობა მიიღო ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმაც.
ანგარიში მიმოიხილავს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არსებულ ხარვეზებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და შეეხება ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, ეკონომიკური საქმიანობა, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის და ამ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის მხრივ უფრო მოქნილი უნდა გახდეს. ასევე, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა შედარებით მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება. ხოლო, უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აკრძალული მიმართულებებიდან უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით.
ამავე სულისკვეთებას იზიარებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებებიც – „თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დახურული დარჩა ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისათვის და არ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების ლიბერალიზაცია, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების შერბილება და ეკონომიკური თუ სოციალური ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერება. ამ ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იქნება“ აცხადებს სახალხო დამცველი თავის ანგარშიშში და აქვე საუბრობს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზეც, რომ – ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების ფარგლებში, განსხვავებული წესი უნდა შემუშავდეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწევიან ჰუმანიტარულ საქმიანობას, ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვის, ნდობის აღდგენისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების პროექტებს; ეს წესი უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გრძელვადიან და შეუფერხებელ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
გარდა ამისა, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვისა და განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების/დაწესებულებების მუშაობას, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს სთავაზობენ მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებასა და საგანმანათლებლო პროგრამებს, მათთვის პასუხისმგებლობისა და ნებართვის გაცემის საკითხი; – მთავრობამ უნდა შეიმუშავოს მოქნილი და წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით; „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური ნებართვის გაცემის პროცედურის შესახებ ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ პირთათვის, რომელთაც სურთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“– განაცხადა სახალხო დამცველმა.
შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით, საქართველომ უფრო მოქნილი უნდა გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგალური მიმართულებებიდან შესვლის წესი. პრაქტიკის ანალიზით, ჩანს რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის სასჯელი მხოლოდ იმ მცირე ნაწილს ეკისრება, რომელიც შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოდის და რაც მთავარია, მათი საქმიანობა ან კავშირები ოკუპირებულ ტერიტორიების მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგულაციებისა და პრაქტიკის შესახებ დამატებით განხილვებში და იმედოვნებს, რომ მისი რეკომენდაციების საფუძველზე, მოქმედი საკანონმდებლო ნორმები და მათი აღსრულება ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვასა და პატივისცემაზე.