ვახტანგ ყოლბაია შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ ტიდესტრიომს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ ტიდესტრიომს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

შეხვედრაზე ვახტანგ ყოლბაიამ შვედ დიპლომატს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

ასევე მიაწოდა ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საქმიანობისა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევის შემთხვევებზე, მათ შორის სკოლებსა და სოლამდელ დაწესებულებებში მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, მოსახლეობის იძულებით პასპორტიცაზიაზე, მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და აფხაზეთში არსებულ  ეკოლოგიურ პრობლემებზე.

შეხვედრაზე განიხილეს შესაძლო განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თავის მხრივ ულრიკ ტიდესტრიომმა, მადლობა გადაუხადა ვახტანგ ყოლბაიას მიწოდებული ინფორმაციისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მთავრობის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.