რუსლან აბაშიძემ და ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლაში მივიდნენ, მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრად წიგნები გადასცეს.

სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმით აღინიშნა. სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ და ქართულ ენებზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.

მინდა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, დღეიდან  იწყება  ახალი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენის პროცესი,  რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც პირველად შეაღო სკოლის კარი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და  სასწავლო წლის დაწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს მივულოცო. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს, რადგან  ძლიერი და  ერთიანი ქვეყნის მომავალი სწორედ განათლებული, სწავლაზე ორიენტირებული თაობაა“,  - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

აფხაზეთის № 2 საჯარო სკოლაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია იმყოფებოდნენ.

თბილისსა და საქართველოს რეგიონებში აფხაზეთის 13 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 2000-ზე მეტი მოზარდი სწავლობს.