აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ფოტო-გამოფენა და სიმღერის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 40-მდე მოზარდს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტო-გამოფენა მოეწყო. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის ხატვის მასტერ-კლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა ჩატარდა. ყველა ბავშვს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.

საღამოს დასასრულს, სიმღერის - „საქართველოს შვილები" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხედველობა დაქვეითებული და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით შესრულდა. სიმღერა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩაიწერა.

ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში.

საღამო სათამაშოების მაღაზია „პეპელა", „ცეროდენა", სუპერმარკეტი „აკვავიტა", საკანცელარიო მაღაზია „უნიპაპი" და საჩუქრების მაღაზია „wonderful toy"-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

2011 წლის 19 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთშორისო დღედ გამოაცხადა.