საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 26 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ და საქართველოს მთავრობის წევრებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი სახლმწიფოებრიობის გადარჩენისთვის მებრძოლ და დაღუპულ გმირებს.

დროა წერტილი დავუსვათ ქართველებსა და აფხაზებს შორის გაუცხოებას, უნდობლობას, საფრთხეების იგნორირებას და ვცადოთ საერთო ენის გამონახვა. სტაბილური და პროგრესული ყოფის უზრუნველყოფა ერთობლივ მონდომებას საჭიროებს. დარწმუნებული ვარ, მშვიდობიანი დიალოგით ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ ნდობა და გადავჭრათ ყველა საკითხი. დღეს ჩვენი მცდელობები მიმართულია, როგორც დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების მისაღწევად, ასევე აფხაზური იდენტობის და ენის გადაშენების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

მემორიალთან ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

დღესვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საქართველოს ეროვნული გმირების, ჟიული შარტავას, მამია ალასანიასა და გურამ გაბესკირიას საფლავები მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს, ასევე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.