რუსლან აბაშიძე საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელ დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელ დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში UNICEF-ის საქმიანობის შესახებ, ასევე ორგანიზაციის პრიორიტეტულ განათლების, ჯანდაცვისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებებზე.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავარი მიზანი აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოების გაერთიანებაა. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბავშვთა უფლებების დაცვას, განსაკუთრებით კი განათლების კუთხით.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.