რუსლან აბაშიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის ელჩს გააცნო ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდომარეობაზე და იმ სირთულეებზე, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება.

მთავრობის თავმჯდომარემ ჩეხ დიპლომატთან ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის შესახებ, ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოითქვა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩეხეთის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდა.