აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „ბიზნეს–პროექტების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე“.

მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან არსებული ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით „ბიზნეს–პროექტების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები".

კურსის მიზანი იყო ბიზნეს-პროექტების შედგენაში ცოდნის გაღრმავება, შემდგომში დევნილი მეწარმეებისათვის და „სტარტაპერებისათვის“ ხელშეწყობისა და კვალიფიციური კონსულტაციების უზრუნველსაყოფად. სემინარებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიც არის:  კომერციული ბანკის სესხთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა, ინვესტორების მიდგომა საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებით, სრული ბიზნეს-გეგმის მოდელის შექმნა და სხვა.

ტრენინგს უძღვებოდა თიბისი ბანკის მიკროპორტფელის მართვის განყოფილების მონიტორინგის უფროსი (ექსპერტი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნინო კუტიბაშვილი.პროექტში მონაწილეობა მიიღო სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყების 14-მა თანამშრომელმა, რომლებსაც ცენტრის დირექტორმა,  ეკონომიკის დოქტორმა, ქალბატონმა დალი სეხნიაშვილმა გადასცა კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები.