რუსლან აბაშიძემ და ქეთევან ბაკარაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ გამართულ დისტანციურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესახებ დისტანციური შეხვედრა გამართა.

დისტანციურ შეხვედრაში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, ცხინვალის რეგიონის ლეგიტიმური ხელისუფლებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ადგილზე არსებული მწირი სამედიცინო შესაძლებლობები და მოსახლეობის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯები. ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის COVID-19-ის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

„საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს პასუხისმგებლობას თითოეული მათგანისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე,” - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.