რუსლან აბაშიძესა და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ კელი დეგნანს შორის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის მთავრობის ურყევი პოზიცია და სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსლან აბაშიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი პოზიციისთვის და აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისთვის.

რუსლან აბაშიძემ კელი დეგნანს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობა გააცნო და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიატუაციაზე ინფორმაცია მიაწოდა. ელჩმა აღნიშნა, რომ COVID-19-თან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს საქართველო ძალიან ეფექტურად უმკლავდება. 

მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში განხილულ საკითხებზე ისაუბრეს. ასევე, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშმრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი და საელჩოს წარმომადგენელი ქეთლინ ნათი მონაწილეობდნენ.