საქართველოს პარლამენტში პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაიმართა. ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ესწრებოდა.

პრემიერმა ანგარიშში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად.

„უნდა დავიწყოთ უსაფრთხოებით, რამეთუ დღეს საქართველოს ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ოკუპაცია. რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად და დღეს ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ 20 პროცენტზე, ეს არის ის შეზღუდვა, რომელიც რეალური ფაქტორია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის მიწის ან ტერიტორიის შეზღუდვა. პირველ რიგში ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ვართ შეზღუდული 20 პროცენტით, ჩვენი ეკონომიკა არის შეზღუდული კიდევ უფრო მეტად და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რომ გავიაზროთ ყველამ ერთად. აქ ყველას ერთად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, დღეს უაღრესად პასუხს აგებს ყველა იმ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების დარღვევაზე, რომელიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაწყებული ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებით, ადამიანის გატაცებით, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფით, ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვით, გადაადგილების შეზღუდვით, ყველა ეს მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ყველას კარგად გვესმის, რომ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ქვეყანა რა თქმა უნდა ყველა ამ ნაბიჯზე არის პასუხისმგებელი",  - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკას და ოკუპაციის პრობლემების მოგვარების პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის და მათთან აქტიური თანამშრომლობის  მნიშვნელობას.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ცხინვალის რეგიონი, ისევე როგორც აფხაზეთი, ოკუპაციის ტერიტორიის იქითა მხარეს, ეს არის ჩვენი მოქალაქეები და ყველა ის სახელმწიფო სერვისი და მომსახურეობა, რომელსაც ჩვენ ვაწვდით დღეს ჩვენს მოქალაქეებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის. რა თქმა უნდა ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად და აქ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები ეს არის ის უმძიმესი და უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, როგორც ჩვენი უშიშროების, უსაფრთხოებისთვის , ასევე საგარეო პოლიტიკისთვის. საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიულ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 49-ე და 50-ე რაუნდები იყო კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორ ვამკვიდრებთ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელობის საკითხს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და ეს მშვიდობიანი გზა გადის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ პროაქტიულ ჩართულობაზე ამ პროცესებში. მნიშვნელოვანია აგრეთვე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების უპირობო აღდგენა. ეს იყო და არის ერთადერთი კომპონენტი, სადაც ჩვენ შეგვეძლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ამ მექანიზმების შეზღუდვა, ისევე როგორც დროებითი გამშვები პუნქტების გრძელვადიანი გაჩერება, გადაადგილების გრძელვადიანი შეზღუდვა პირდაპირ არის რისკი ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ამ მიმართულებით მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერმა.