აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ღონისძიება გაიმართა

აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა (ავტორთა ჯგუფი: პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე, ირმა ოსია, რიტა ამიჭბა). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ირმა ოსიას და რიტა ამიჭბას აფხაზური ენის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს. აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია. აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე  სახელმწიფო ენის სტატუსს ატარებს. საქართველოს კანონმდებლობით აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია ქართული სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა და ჩვენი ძალისხმევა აფხაზებთან ერთად მათ დასაცავად უნდა იყოს ერთიანი.

ჩვენ აფხაზური ენის სწავლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამ მიზნით აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით  დღემდე არაერთი პროგრამა ხორციელდება. ბოლო პერიოდში შეიქმნა ქართულენოვან მოსწავლეთათვის განკუთვნილი  „აფხაზური ენა  დამწყებთათვის“ და მეთოდური მასალები, ითარგმნა ლიტერატურა აფხაზურ ენაზე, რომელიც ენის შესწავლის მსურველებს საუკეთესო მეგზურობას უწევს. აღნიშნული მასალები აქტიურად გამოიყენება აფხაზეთის საჯარო სკოლებში, იგზავნება ასევე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აფხაზური ენის სწავლება პრობლემურია და ქართულ ენასთან ერთად დისკრიმინაციას განიცდის.

აფხაზეთის მთავრობა ასევე მუშაობს პროექტზე, რომელიც  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აფხაზური ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაციის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით ენის შესწავლა ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მიერ აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება  გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, ხორციელდება აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.

აფხაზური ენის შემსწავლელი  წიგნი ელექტრონული ვერსიით სარგებლობა მსურველს  აფხაზეთის მთავრობის ვებ გვერდზე abkhazia.gov.ge შეუძლია.