რუსლან აბაშიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„9 აპრილი უმძიმესი დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. თუმცა, ამავდროულად, ეს დღე ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. შეუფასებელია იმ გმირების ღვაწლი, რომელებმაც საქართველოს განთავისუფლებას თავი შესწირეს.

ამ იდეალებისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. დღეს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  30 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევის წინაშეა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ საერთო ეროვნული იდეისთვის კონსოლიდაციას და  მშვიდობიანი გზით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

32  წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.