რუსლან აბაშიძემ ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სამთავრობო კომიისის სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მონაწილეობდა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და კომისიის წევრებს სიტყვით მიმართა. მან მიმოიხილა 2018 წელს დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა და მისი ინსტრუმენტების ფუნქციონირება, რომლებიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულება, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები. კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე მსჯელობისას, აღინიშნა 2010 წელს მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესის დაწყების მნიშვნელობა, რათა შერიგების პოლიტიკის ახლებური ხედვა და მიდგომები ასახავდეს არსებულ რეალურ საჭიროებებს.

სამთავრობო კომისია 2011 წელს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმის შესაბამისად შეიქმნა; კომისიის წევრები არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.