რუსლან აბაშიძესა და შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულრიკ თიდესტრომს შორის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

რუსლან აბაშიძემ შვედეთის ელჩს აფხაზეთის მთავრობის და მისი სტრუქტურების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

ულრიკ თიდესტრომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და შერიგებისკენ მიმართული ნაბიჯების მიმართ.

რუსლან აბაშიძემ შვედ დიპლომატს მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც შვედეთი საქართველოს მიმართ გამოხატავს.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.