დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გაიმართა

დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო კომისიის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნები, ამოცანები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ყურადღება გაამახვილეს სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მოისმინეს მათი მოსაზრებები და იდეები სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედითად და შედეგზე ორიენტირებულად განხორციელების მიმართულებით.

ღონისძიებები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესის უზრუნველყოფა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფო ხედვის შესამუშავებლად და ამ პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ფართო საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვა.

შეხვედრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს სამეგრელოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 23 ივნისს შეიქმნა და მიზნად ისახავს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის - დეოკუპაციისა და კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომისა და კომპლექსური კონცეპტუალური დოკუმენტის შექმნას. ინკლუზიური სამუშაო პროცესი ითვალისწინებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად ფართო საზოგადოების — კვლევითი ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ჩართულობას. ასევე, გაიმართება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან, სტრატეგიის შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით მათი პროაქტიული ჩართულობისა და ქმედითი მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის.