რუსლან აბაშიძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

„14 აგვისტო უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. უპირველეს ყოვლისა, ქედს ვიხრი ყველა იმ გმირის წინაშე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირა თავი. განუზომელია მათი დამსახურება სამშობლოს წინაშე.

14 აგვისტო ჩვენი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა. აფხაზეთის ტერიტორიის ,,ეფექტურ კონტროლს“ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. წლების განმავლობაში, ,,ეფექტური კონტროლის“ განმახორციელებელი ძალა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ საზოგადოებაზე ძალადობს. რუსული ოკუპაციის პირობებში, ყოველდღიურ რეალობადაა ქცეული ადამიანის უფლებების დარღვევები. აფხაზეთში მხოლოდ ეთნიკური ქართველების უფლებები კი არ ილახება, მიზანმიმართულად ტარდება საზოგადოების ასიმილაციის პოლიტიკაც.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომ ის ტრაგიკული მოვლენები ჩვენი საერთო მარცხია და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევძლებთ ერთმანეთთან მისასვლელი გზის პოვნას. ჩვენი საზოგადოება მტკიცედ დგას და მხარს უჭერს უალტერნატივო სამშვიდობო პოლიტიკას.

მჯერა, რომ სამშვიდობო პოლიტიკის მეშვეობით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ დეოკუპაციას, ჩვენი საზოგადოების კვლავ გამთლიანებას, ქვეყნის გაერთიანებას და მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.