რუსლან აბაშიძე მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ალიბეგაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ენათმეცნიერები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.

თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი იყო უიშვიათესი მასალა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, ასევე ასოციაცია „ქართული შრიფტის“ მიერ წარმოდგენილი შრიფტების ნიმუშები (სხვადასხვა ეპოქის), ლექსიკონები, იშვიათი მხატვრული გამოცემები და თარგმანები.

ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების „ლაშქარის“ და „თამარიონის“ მიერ შესრულდა აფხაზური და ოსური საცეკვაო ნომრები. ასევე წარმოდგენილი იყო თოჯინების თეატრალური სანახაობაც.

სამი კალიგრაფის მიერ, ადგილზე შესრულდა ბანერი, წარწერით „მშობლიური ენის საერთაშორისო დღე“, რომელზეც საპატიო წევრებმა ღონისძიების ბოლოს  ხელი მოაწერეს.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იუნესკომ ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით, 1999 წელს დააწესა.