რუსლან აბაშიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

„9 აპრილი - ეს სიმბოლური თარიღი, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან მოვლენას - დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავგანწირვასა და დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ ამიტომ 9 აპრილი უმძიმესი დღეა, თუმცა ამავდროულად უდიდესი იმედია. დღევანდელი დღე ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა.

ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომლთა თავდადების წყალობით საქართველომ თავისუფლების მოპოვებით აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა! განუზომელია მათი ღვაწლი, რომელებმაც საქართველოს განთავისუფლებას თავი შესწირეს. ამიტომ ყოველი ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესს.

ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ევროპულ ოჯახში. მჯერა, რომ ჩვენ  მშვიდობიანი გზით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია 9 აპრილს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.