რუსლან აბაშიძე ჟურნალ „რიწის“ პრეზენტაციას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „რიწის“ 2022 წლის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ნომრის გარეკანი გაფორმებულია ლადო ფოჩხუას ნამუშევრით და გამოცემაში შესულია თანამედროვე ქართველი და აფხაზი მწერლების ნაწარმოებები.

ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და ჟურნალ „რიწის“ რედაქტორმა, მწერალმა ნანა ქარდავამ.

პრეზენტაციას აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები  და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჟურნალი „რიწა“ 1975 წელს, სოხუმში, ალმანახის ფორმატში, აფხაზეთის ქართველ მწერალთა ინიციატივითა დაარსდა. მოგვიანებით გამოცემამ ჟურნალის სახე მიიღო. პერიოდულ გამოცემაში იბეჭდებოდა როგორც ქართველი, ასევე აფხაზი პოეტების ნაწარმოებები. წლების განმავლობაში ჟურნალმა ფორმატი შეიცვალა და სალიტერატუროსთან ერთად, საზოგადოებრივი ფუნქციაც შეითავსა.

განახლებული დიზაინის, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის, მრავალფეროვანი თემატიკისა და რუბრიკების, ახალგაზრდული ჩანართების, თარგმანების, დებიუტანტ ავტორთა შემოქმედების წარმოჩენის ხარჯზე ჟურნალი მკითხველისათვის უფრო კრეატიული, საინტერესო და მიმზიდველი გახდა.