რუსლან აბაშიძე აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის წევრის, სოფია კვიციანის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტს - „სოფოსთვის“ დაესწრო.

კონცერტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, სოფოს მეგობრები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მომღერალ სოფია კვიციანს რამდენიმე თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

ახალგაზრდა ხელოვანის გადასარჩენად საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდა, კამპანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც შეუერთდა. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სოფოს დასახმარებლად.