აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძე ზუგდიდში გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტის გახსნას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტის გახსნას დაესწრო. ბიუსტი ფრანგულ პარკში დაიდგა და მისი ავტორია მოქანდაკე ბადრი სხულუხია.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე გენო ადამიას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა დავით თევზაძემ, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა კობა გრიგოლიამ, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, ყოფილი 23-ე ბრიგადის მეთაურის პირველმა მოადგილემ სპარტაკ მარხულიამ და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ დარჯანიამ. ღონისძიებაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.

გენო ადამიას ბიუსტი საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ჩართულობით და მხარდაჭერით შეიქმნა.

გენო ადამია აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. მან 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა და 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე ბრძოლისას დაიღუპა.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I და III ხარისხის ორდენებით. 2020 წლის 22 სექტემბერს გენერალ-მაიორ გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.