აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
იგორ კოპალიანი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით, პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ ფარგლებში, ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა და ასოციაციის წარმომადგენლებმა დევნილთა საჭიროებების კვლევის შედეგები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა მიმართულებით დანერგილი წარმატებული მიდგომები და კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე დევნილთა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

 

დავით ფაცაცია პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად სენაკში გამართულ ღონისძიებას -„30-ე სევდიანი შემოდგომა“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სენაკში, აკაკი ხორავასა სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის დაცემისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირული აღსასრულიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს -„30-ე სევდიანი შემოდგომა“ დაესწრნენ.

საღამოს დაწყებამდე, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიას, ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებაზე, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული.

ღონისძიება, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,

 

დავით ფაცაციამ რუსთაველის თეატრში გამართულ, წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მოღვაწე 18 ემიგრანტი დაჯილდოვდა.

წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“ ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.

წელს პატივი მერგო, პირადად დამეჯილდოებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი თამარ მიქაძე. იყო აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტი, ეს არის განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც მშობლიურ კუთხეში მისვლის შეუძლებლობას, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებას კიდევ უფრო ძნელს ხდის და მიუხედავად ამისა, მაინც რომ შეძლებ იყო წარმატებული, გამოადგე ქვეყანას, შენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას უცხო ქვეყანაში შეუწყობ ხელს ქართული ფესვებისა და სულის განმტკიცებაში, გაძლიერებაში, ეს უდიდესი საქმე და სამშობლოს უძლიერესი სიყვარულია.

მეამაყება საქართველოს ასეთი წარმატებული შვილები, მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულისთვის, ვუსურვებ წარმატებებს თავის საქმიანობაში და მჯერა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება, ჩვენი უმთავრესი ოცნების - საქართველოს გამარჯვებისა და გაერთიანების საწინდარი იქნება." - დავით ფაცაცია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია საქართველოს პარლამენტის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიას შეხვდა

 

შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტისა და ისრაელის მეგობრობის ჯგუფის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის თაობაზე, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი პუბლიცისტი და მეცნიერი იაკობ ოფირი - ეფრემაშვილი, რომლის წიგნის პრეზენტაციაც აღნიშნულ კონფერენციაზე იგეგმება.

დავით ფაცაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ საზეიმო გახსნას დაესწრო

დავით ფაცაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ საზეიმო გახსნას დაესწრო, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციით გაგრძელდა.

"ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლისთვის, დიდი პატივი და უაღრესად საინტერესო იყო კონფერენციაში მონაწილეობა. ჩვენი ისტორიისა და მომავლის დაცვას ყოველთვის სჭირდება სწორი მიმართულებით განვითარება და ინფორმაციების მიწოდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ამ ყველაფრის საფუძველი კი განათლებასა და მეცნიერებაშია.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ისრაელის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ბატონ იაკობ ოფირს. გარდა იმისა, რომ მას დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, დასაფასებელია, ის დახმარება, რომელიც ბატონმა იაკობმა 90-იან წლებში ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს გაუწია. საქართველოსა და ისრაელს ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის 26 საუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც არ არის უბრალოდ ძმობა და მეგობრობა, არამედ ეს არის უდიდესი თავგანწირვისა და თანაცხოვრების მაგალითი, რომლითაც შეიქმნა ბევრი ცივილიზებული ისტორიული პროცესი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, საზღვარგარეთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ - ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას - „ერთობა ხვალისთვის“, რომლებმაც უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარეს აფხაზურ ცენტრს და აქტიურად ცდილობენ ქართულ-აფხაზურ საკითხებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას. დასაფასებელია მათი მონდომება, ინიციატივები, რომლებიც ქმნიან მთელ პროცესს, მიმდინარეობასა და ციკლს ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.

ძალიან მახარებს, ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება და ჩართულობა ქართულ-აფხაზური საკითხების მიმართ. ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ აფხაზ და ოს ძმებს, რომ ჩვენი თანაცხოვრება, საერთო კეთილდღეობა არის თითოეული ჩვენგანის მომავლის გადარჩენის პირველი ამოსავალი წერტილი, ამ საქმეში კი ახალგაზრდებსა და მათ სულისკვეთებას განსაკუთრებული როლი აქვს, რადგანაც ჩვენი სამშობლოს იდენტობისა და თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროცესი სწორედ მათი აქტიური ჩართულობით გადაწყდა. ჩვენ კი, ვეცდებით, მათ მხარდაჭერას ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობებით.

კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი საზაფხულო სკოლის ყველა ორგანიზატორსა და განმახორციელებელს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო კონფერენციის მოწყობისათვის. ახალგაზრდებს კი, მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი არის აღჭურვილი უნიკალური შესაძლებლობებით და თქვენ უნდა იყოთ ის ძლიერი ძალა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს." - დავით ფაცაცია

დავით ფაცაციამ საერთაშორისო ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების

სააგენტოს ორგანიზებით, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის, კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიის მხარდაჭერით საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე 25 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ კრეტაზე, ქ. ხანიაში მსოფლიო საპატრიარქოს კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიის საერთაშორისო მულტიკულტურულ ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - ინტელექტუალურ, შემეცნებით, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, დაეთვალიერებინათ კუნძულ კრეტას ისტორიული ადგილები, შეეძინათ და განევითარებინათ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სხვა უნარ-ჩვევები.

საერთაშორისო ბანაკი ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის დირექტორის ბესიკ სილაგაძისა და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძის უშუალო ჩართულობით, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საერთაშორისო ბანაკის დახურვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ლოცვა-კურთხევისთვის, მსოფლიო საპატრიარქოსა და საერთაშორისო ბანაკის ყველა მხარდამჭერს, რომელთა თანადგომითა და დახმარებითაც კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განვახორციელეთ.

ბედნიერი ვარ ახალგაზრდების შთაბეჭდილებების, განწყობების მოსმენით და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ შევძელით მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ცოდნის მიცემა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს ახალგაზრდები, ეს თაობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა საქართველოს სიმტკიცისა და გაძლიერების, იმ ერთიანი სამშობლოს საფუძვლისა, რომელსაც გაბრწყინებული საქართველო, სიყვარული და ღმერთის რწმენა ჰქვია.

ჩვენ კი აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო მეტი დევნილი ახალგაზრდა ჩაერთოს მასში და მიიღოს კარგი გამოცდილება, რომელიც მჯერა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების მომავალ წარმატებებსა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერების საქმეში.“- დავით ფაცაცია

 

დავით ფაცაცია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საბერძნეთში ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას. ყურადღება ქართულ-ბერძნულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაა. აღნიშნულ პროცესში ქართული დიასპორების, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის კუნძულ კრეტაზე საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მათი თანადგომისათვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებას. ის ქართველი ბავშვები, რომლებიც უცხო ქვეყნებში იზრდებიან აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს და ერთად გავაძლიერებთ საქართველოს.“ - დავით ფაცაცია

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და სასულიერო პირები.

 

დავით ფაცაციამ აფხაზეთის მთავრობის წევრებს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის მთავრობას სამინისტროსა და სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს 6 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, ისაუბრა პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

დავით ფაცაციამ დეტალურად განიხილა დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის, დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის, დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის, აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების, დევნილთა მომსახურების ცენტრების, დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიმდინარეობა, ამ მიმართულებებით დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა მაღალი მომართვიანობა.

დავით ფაცაციამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირებთან და დევნილთა განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრებზე მიღებულ ინფორმაციებსა და მათ საფუძველზე დაგეგმილ ღონისძიებებზე, შემეცნებითი და დევნილთა ინტეგრაციის ხელშემწყობი პროექტების აუცილებლობაზე.

ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის მთავრობის აპარატის, სამინისტროსა და სსიპ -აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

დავით ფაცაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული ინტერვენციის შედეგად - ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსთვის გაერთიანდნენ და ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მიუხედავად ამდენი ტრაგედიისა, რაც ჩვენი საერთო მტრის პროვოცირებული კონფლიქტების შედეგად დღემდე გრძელდება, დარწმუნებული ვარ აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მშვიდობით მოვახდენთ ჩვენი ისტორიული ერთობის აღდგენას და ძლიერ, განვითარებულ საქართველოში თანაცხოვრებას.“ - დავით ფაცაცია.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

დავით ფაცაცია აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ქ. თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ქ. თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო.

თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე სახურავის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და გლდანის რაიონის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან დევნილი 54 ოჯახი ცხოვრობს.

„ჩვენ ეტაპობრივად ვხვდებით აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე მდგარ გამოწვევებს და მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭიროებების შესაბამის ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებს ვახორციელებთ, რათა ხელი შეუწყოთ ჩვენი დევნილი მოქალაქეების სოციალური და ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას.“ - დავით ფაცაცია