მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ორთაჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ორთაჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე იმყოფებოდნენ, სადაც მიმდინარე სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.

ორთაჭალაში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები აფხაზეთის მთავრობისა და კრწანისის რაიონის გამგეობის თანამშრომლობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის „დევნილთა სოციალური უზრუნველყოფის“ ფარგლებში, ორთაჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს ფინანსური დახმარება გაეწიათ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქ. #7-ში (ყოფილი სასტუმრო ბახტრიონი) მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და ადგილზე გავეცანო მათ საჭიროებებს.

აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციების და ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გლდანის რაიონში, წყალსადენის ქ. #7-ში (ყოფილი სასტუმრო ბახტრიონი) მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

„აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და რეაგირების მოხდენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ვხვდებით მოქალაქეებს და უშუალო კომუნიკაციის შედეგად მათი საჭიროების შესაბამისი არაერთი სოციალური, ინფრასტრუქტურული, თუ სხვა ტიპის პროექტი განვახორციელეთ და ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ

 

აფხაზეთის ავტონომიუირი რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, ფოთსა და ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა, ისაუბრა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და ადგილზე გაეცნო დევნილთა განსახლების ობიექტებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ფოთში, გაგრის ქ. №11-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია, „დევნილთა განსახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელი განმუხურში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის (ყოფილი ადმინისტრაციული შენობა) რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო მასალები და ხელსაწყოები „აფხაზეთიდან დევნილი შეჭირვებული მოსახლეობისათვის სარემონტო/სამშენებლო მასალებით დახმარების“ და „სოციალური სოლიდარობის“ პროგრამების ფარგლებში იქნა უზრუნველყოფილი.

ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდში, ესებუას ქ. №7-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სახურავის რეაბილიტაცია განხორციელდა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.

ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციას.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა №98 მისამართზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა და განსახლების ობიექტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნულ მისამართზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტის სადარბაზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ქალაქ ქუთაისის მერიასთან ერთად განახორციელა.

„დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, ობიექტში განხორციელებული სამუშაოების თანადაფინანსების ღირებულებამ 8400 ლარი შეადგინა.

„მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, ერთობლივი მუშაობა არის სწორი გზა იმისათვის, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას და ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, შესაბამისად პერმანენტულად ვხდებით მოქალაქეებს, ვეცნობით მათ საჭიროებებს და შესაბამის ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პროექტებს ვახორციელებთ.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შუამდგომლობით და ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, წყნეთში, აფხაზეთის N14-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე, დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე სახურავი და წყალსაწრეტი მილები განახლდა.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ და აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან, მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით ინფრასტრუქტურული თუ სხვას სახის პროექტები ხორციელდება.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკში, პატივი მიაგო საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას, რომელსაც დღეს, 81 წელი შეუსრულდებოდა.

 წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში აღევლინა ჟიული შარტავასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აფხაზეთში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა ოდიშარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სახვითი ხელოვნების გალერეაში, დაათვალიერეს თემატური ფოტოგამოფენა: „სენაკი - გმირების ქალაქი“.

ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში, გაიმართა ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

 

დავით ფაცაცია სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას 81-ე, გურამ გაბესკირიას 78-ე და გენო ადამიას 89-ე დაბადების თარიღებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

"მქონდა პატივი სენაკში დავსწრებოდი, გენო ადამიას სახელობის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით გამართულ, ჟიული შარტავას, გურამ გაბესკირიას და გენო ადამიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მხატვრულ კომპოზიციას და თემატურ საღამოს - „სენაკი - გმირების ქალაქი“.

ეს ადამიანები - ეროვნული გმირები, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილები არიან, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს ერთიანობისთვის და სამშობლოს ერთგულების, სიყვარულის და თავდადების მაგალითი აჩვენეს მომავალ თაობებს.

მჯერა, რომ მათი თავგანწირვა არ ჩაივლის უკვალოდ და ყველანი ერთად, ჩვენი ერთობით და სიყვარულით, მალე ერთიან საქართველოში ვიზეიმებთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და სოხუმში ვიტყვით ჩვენი გმირების სადიდებელს იმ სიტყვებით, რომელსაც გენო ადამია აუცილებლად იტყოდა - ჩვენ აფხაზები და ქართველები არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ ძმები და ჩვენი ძმობა უნდა აღდგეს, ის შუღლი და ბოროტება, რაც მტერმა დათესა უნდა იყოს დამარცხებული, ჩვენი ერთიანობით და სიყვარულით.

მადლობა ღონისძიების ყველა ორგანიზატორსა და მხარდამჭერს, რომ ახალგაზრდებს არ ვაძლევთ ჩვენი გმირების დავიწყების საშუალებას." - David Patsatsia / დავით ფაცაცია

 

ინფრასტრუქტურული პროგრამების მონიტორინგის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, თბილისში, ჯ. ბაგრატიონის ქ. №2-ში, ერეკლე მეორეს მე-4 შესახვევში, რკინიგზის ქ. №14-ში, კერესელიძის ქ. №13-სა და პეტრიწის ქ. №1ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ასევე, სოციალური, თუ სხვა ტიპის პროექტების განხორციელების მიზნით გაეცნო აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს.

აღნიშნულ მისამართებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

„ჩვენ ეტაპობრივად ვხვდებით დევნილ მოქალაქეებს, ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ მათი მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გამოიტანს მნიშვნელოვან შედეგებს.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

 

მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრები გამართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებისთვის საინტერესო საკითხებზე როგორც საერთო, ისე ინდივიდუალურ საჭიროებებზე - სოციალურ კეთილდღეობაზე, მათი საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებასა და განსახლების საკითხებზე.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების საჭიროებების შესაბამისი პროექტები განხორციელდება.

„აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციით, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მზაობითა და აქტიური ჩართულობით, ბევრი საკითხის გადაჭრა უკვე შევძელით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ ფორმატით მუშაობას იმისთვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს დევნილ მოქალაქეებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრება.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, თბილისში, ნინოშვილის ქ. №57-სა და ზ. არსენიშვილის ქ. №28ა-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.
მინისტრმა პირადად დაათვალიერა დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო.
„დევნილ მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, ჩვენი ერთობლივი მუშაობა და მოქალაქეების ჩართულობა არის სწორი გზა იმისათვის, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები სათანადოდ გადაიჭრას და ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, შესაბამისად პერმანენტულად ვხდებით მოქალაქეებს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურული პრობლემების ძირითადი ნაწილის მოწესრიგება“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ვოლსკისთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ლია გიგაურთან, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე - დავით ვარდიაშვილთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრის - „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ გახსნიდან 2 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრი - „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების ,,ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით გაიხსნა.

ღონისძიებაზე, აფხაზური ცენტრის წევრებმა წარმოადგინეს ორწლიანი მუშაობის ანგარიში. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დავათვალიერეთ, აფხაზური ცენტრის მიერ ორგანიზებული აფხაზურ კულტურასთან დაკავშირებული სივრცეები - სპეციალურად გამართულ ოთხ კარავში წარმოდგენილი იყო ლიტერატურული, ნახატების, ხალხური სამოსის, საკრავების და კულინარიის სივრცეები. ღონისძიებაზე მრავლად იყო ლიტერატურულ - მხატვრული პროგრამის ნიმუშები.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ხელოვანების მიერ აფხაზეთის მუზეუმის აღდგენისათვის მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს დაესწრო, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი 30 მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საქველმოქმედო გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ეროვნული მუზეუმისთვის, რომლის შენობაც გასულ წელს დაიწვა, სოლიდარობის გამოხატვა და აფხაზეთის ეროვნული მუზეუმის ფონდის შევსებისთვის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შეთავაზება, გადაცემა.

„როგორც ღმერთია მაარსებელი - სიყვარულის, მიტევების, ურთიერთპატივისცემის, ისევე ხელოვნება, კულტურა არის პირველი ხიდი, პირველი წყარო - ნდობის, სიყვარულის, ერთიანობის, ყველაზე სწორი გზა მშვიდობისა და ქვეყნის გაერთიანების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში.

ველოდებით უკუკავშირს აფხაზეთიდან, ჩვენი აფხაზი მხატვრების მხრიდან. მჯერა, რომ ჩვენი ხელოვანების ეს კეთილი, სწორი, მართალი ნაბიჯი იქნება ხელშესახები და გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები, მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს და დაცული იქნება გაერთიანებული საქართველოს, სოხუმის ეროვნულ გალერეაში.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე, ინდივიდუალურად იქნა განხილული აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები. საუბარი ძირითადად შეეხო მათი სოციალური კეთილდღეობის, საცხოვრებელი ადგილების ინფრასტრუქტურულ მოწესრიგებისა და განსახლების საკითხებს.

შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, აფხაზეთის მოსახლეობის საჭიროებების შესაბამისი პროექტები განხორციელდება.

„ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთის მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაციას და მათი საჭიროებების მოსმენას.

ვცდილობთ თითოეული აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის საჭიროება, რომელსაც ჩვენთან შეხვედრისას აჟღერებენ დროულად მოვაგვაროთ და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციისას მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, არაერთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას ესტუმრა, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს წახალისების მიზნით სიმბოლური საჩუქრები პირადად გადასცა.

აფხაზეთის ძიუდოს აკადემიას აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანი კობა გეგია ხელმძღვანელობს. აკადემიაში უსასყიდლოდ ვარჯიშობენ აფხაზეთიდან დევნილი 5-დან 19 წლამდე ახალგაზრდები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების შვილები და შვილიშვილები.

„ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენ პირველ რიგში ხართ თქვენი ოჯახისა და ჩვენი სამშობლოს სახე, ყოველთვის უნდა ეცადოთ იყოთ წარმატებულები ცოდნით, ბრძოლით და ღირსებით. რათქმაუნდა ცხოვრების წარმატებისთვის სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტი არანაკლებ მნიშვნელოვანია, როცა თქვენ ერთსაც და მეორესაც მოახერხებთ ყველაფერი გამოგივათ.

არ დაიღალოთ იბრძოლეთ, ჩვენი ქვეყნის და საკუთარი მომავლისთვის და ყოველთვის გამარჯვებულები იქნებით, ხოლო ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში თქვენ გვერდით ვიქნებით, რადგან თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატებაა.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისა და მათი მშობლებისთვის, ბაკურიანში 3 დღიანი პროექტი - „შესაძლებლობები უსაზღვროა“ განახორციელა

პროექტით დაგეგმილი სხვადასხვა ტრენინგებისა და შემეცნებითი აქტივობების მიზანია ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მხარდაჭერა, დაახლოება და წახალისება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით ზაალიშვილის ინიციატივით პროექტის მონაწილეებისთვის დიდველზე ექსკურსია მოეწყო.

პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანი კიტია და აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ ქარაია ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქარები გადასცეს.

დავით ფაცაციამ „აზდაკის ბაღის" - ინტეგრირებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელსა და რეჟისორს ბაჩო გაბრუაშვილს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„აზდაკის ბაღის" - ინტეგრირებული თეატრის სეზონის გახსნაზე, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდებმა წარმოგვიდგინეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "Hellados", ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს მხარდაჭერის, დაახლოებისა და წახალისების მიზნით დავპირდით გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას და ბაკურიანში განვახორციელეთ 3 დღიანი პროექტი.

თითოეულ მათგანს დიდ წარმატებებს ვუსურვებ და მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ არიან მაგალითები სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის - სიძლიერის, შრომისმოყვარეობის, გამბედაობისა და „შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობის“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.