აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიისა და „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20-ის“ ერთობლივი ორგანიზებით, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართა აფხაზეთიდან დევნილ მხატვართა საქველმოქმედო ღონისძიება.

პროექტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით მოღვაწე, მათ შორის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მხატვრები.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო პლენერები და შესრულდება ფერწერული ნამუშევრები, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართა მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, ქ. ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. აღნიშნულ დასკვნით ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ მხატვართა ნამუშევრები.

დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, ბათუმის ვიცე მერი ლევან დავითაძე, „შავი ზღვის ქვეყნების მხატვართა საერთაშორისო გაერთიანება პლენერი-20-ის“ დირექტორი ზურაბ ჭედია.

“ღონისძიების მიზანი შოვის ტრაგედიით დაზარალებული პირების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იძულებით გადაადგილებული მხატვრების მხარდაჭერა და გაძლიერებაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, მხატვრების განწყობა, მათ ჩვენს პირველივე თხოვნაზე გამოხატეს მზადყოფნა, აჭარის სილამაზით გადმოეცათ აფხაზეთის სილამაზე. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მათ ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, რომელთა დახმარებითაც უპრეცედენტოდ სწრაფად, ლამაზად და კარგად მოვახერხეთ პროექტის განხორციელება.

აქვე მინდა აღვნიშნო, მუჰაჯირების შთამომავლების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ნათლად ჩანს აჭარის მოსახლეობაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობაში. საოცრად სასიამოვნო და საამაყოა, რომ აფხაზურ ენაზე თავისუფლად მეტყველებენ აჭარაში, ფერიაში მცხოვრები აფხაზები. სწორედ ისინი არიან ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვიცავთ და ვაძლიერებთ აფხაზეთის ისტორიას, ფასეულობებს, ტრადიციებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ენას.

მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს ვისთან ერთად განვახორციელეთ ღონისძიება. ჩვენთვის უაღრესად დასაფასებელი, ძვირფასი და სამაგალითოა ეს ურთიერთგაგება, საქართველოს ტკივილის გაზიარების, ჩვენი სამშობლოს ერთიანობის, ჩვენი ერთობის მიმავალ გზაზე. მახარებს ეს განწყობა და მინდა, რომ ეს ყველაფერი არა მარტო ღონისძიებაზე, არამედ ქუჩებშიც იგრძნობოდეს. აჭარის მაგალითზე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ერთიან საქართველოში, სოხუმში მოვაწყობთ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს.” - დავით ფაცაცია

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სოციალური სერვისების მიწოდება, დასაქმების გააქტიურება, უმუშევრობის დაზღვევა.

პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

კონფერენცია იგპ ქალთა ასოციაციის „თანხმობის“ მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის პარტნიორები არიან „Expertise France“ (AFD ჯგუფი) და ჩეხეთის განვითარების სააგენტო.

კონფერენციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სხვადასხვა საბიუჯეტო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის „საქართველოს ებრაელთა ისტორია (საარქივო მასალების მიხედვით)“ პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უნიკალური კოლექცია - ლაილაშის ბიბლია, ებრაელთა ისტორიის, მათი შემოსვლის ამსახველი „ქართლის ცხოვრების“ ფურცლები, ებრაული კოლექციის ხელნაწერთა ფოტორეპროდუქციები და საინფორმაციო ბანერები.

ღონისძიება კავკასიის სოციო (ეთნო) ლინგვისტური ასოციაცია „ებრაული სააგენტო ისრაელისთვის“ და ქართულ-ებრაული სამეცნიერო-კვლევითი და კულტურული ცენტრის „ფესვები“ პარტნიორობით განხორციელდა და მისი მიზანია ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების წარმოჩენა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წიგნი „საქართველოს ებრაელთა ისტორია“ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა და მასში შესულია უნიკალური საარქივო მასალები.

დავით ფაცაციამ უმაღლეს საბჭოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს მიმდინარე ანგარიში წარუდგინა - პრიორიტეტული მიმართულებებით განხორციელებული პროგრამები, პროექტები, მათი შედეგები და მიმდინარე ღონისძიებები.

მინისტრმა დეტალურად განიხილა დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებთა მხარდაჭერის, დევნილთა საცხოვრებლებში მცირე ფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის, ბინათმესაკუთრეთა მხარდაჭერის, დევნილთა მომსახურების ცენტრების, დევნილთა სამართლებრივი მხარდაჭერის მიმართულებებით 2023 წლის 9 თვის მანძილზე განხორციელებული პროექტები.

დავით ფაცაციამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირებთან და მათ განსახლების ობიექტებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციების საფუძველზე განსახორციელებელ პროექტებზე, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სხვადასხვა სოციალურ, საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებზე.

მოხსენების დასრულების შემდეგ, დავით ფაცაციამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

სხდომას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული პრობლემების ნაწილი ჩვენს მიერ მოგვარებულია, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა უმოკლეს ვადებში გადავწყვიტოთ ის ძირითადი გამოწვევები, რაც დევნილთა წინაშე დგას.“ - დავით ფაცაცია.

 

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და მწერალთა, ხელოვანთა, საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია „გულანის“ ორგანიზებით, აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ჯანო ჯანელიძის დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო - „სიზმარ-ცხადი აფხაზეთზე“. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საიუბილეო საღამოზე გაიხსენეს ჯანო ჯანელიძის როგორც შემოქმედებითი, ასევე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, ორგანიზაცია „ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალის“ და ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის მხარდაჭერით, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი ომის ვეტერანებისთვის უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო.

აქციის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებს ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები (ექოსკოპია, კარდიოექოსკოპია, დოპლერ-სკანირება, ლაბორატორია) ჩაუტარდათ.

გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და მოადგილე იგორ კოპალიანი ესწრებოდნენ.

"პირველ რიგში ვულოცავ ვეტერანებს ვეტერანთა დღეს და მადლობას ვუხდი ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალს ჩვენი ვეტერანების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ჩვენ სხვადასხვა კლინიკებთან ერთად ვგეგმავთ მსგავს ღონისძიებებს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის.

თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ჩვენი გმირების, ვეტერანების მხარდაჭერა და უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას, რათა მათი ბრძოლის უნარიანობის ჟინით მალე გავიმარჯვოთ და ერთად დაუბრუნდეთ ჩვენს მშობლიურ კუთხეს." - დავით ფაცაცია

 

ცენტრალური ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე, დონორი და საერთაშორისო, ეროვნული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტით დაზარალებული თემების საკითხებზე, ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარებისთვის“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანმა.

კონფერენციაზე კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა - თემის ლიდერებმა - თავად წარმოადგინეს კონკრეტული გამოწვევები. დისკუსიები გაიმართა სამი ძირითადი მიმართულებით: ინფრასტრუქტურა, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ადამიანის უსაფრთხოება და კრიზისების მართვა.

ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყების ერთმანეთთან შეხვედრა თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და შესაბამისი რეაგირების ხელშეწყობისთვის, რათა გაუმჯობესდეს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2020-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის აღსრულება.

ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ქალთა ფონდი „სოხუმი“, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის სხვა წევრები.

 

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებთა საჭიროებები და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების ადგილზე შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, მხარებმა დევნილთა განსახლების ადგილებში ერთობლივი შეხვედრები დაგეგმეს.

შეხვედრას სამინისტროსა და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

”ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან.

შეხვედრაზე ვაკის რაიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათ განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განვიხილეთ.

მხარეებმა მზადყოფნა გამოვხატეთ დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების ერთობლივად განხორციელების თაობაზე და ამ მიზნით მათთან შეხვედრები დავგეგმეთ.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ყველა იმ პრობლემატური, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, რაც დევნილებს ეხება.

მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ეტაპობრივად ვახორციელებთ დევნილთა წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების მოგვარებას.“ - დავით ფაცაცია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით, პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ ფარგლებში, ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა და ასოციაციის წარმომადგენლებმა დევნილთა საჭიროებების კვლევის შედეგები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა მიმართულებით დანერგილი წარმატებული მიდგომები და კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე დევნილთა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სენაკში, აკაკი ხორავასა სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის დაცემისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირული აღსასრულიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს -„30-ე სევდიანი შემოდგომა“ დაესწრნენ.

საღამოს დაწყებამდე, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიას, ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებაზე, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული.

ღონისძიება, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,

 

წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქტიურად მოღვაწე 18 ემიგრანტი დაჯილდოვდა.

წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოების ცერემონია საერთაშორისო დიასპორული ორგანიზაცია „დიასპორის სახლის“ ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.

წელს პატივი მერგო, პირადად დამეჯილდოებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი თამარ მიქაძე. იყო აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტი, ეს არის განსაკუთრებული ტვირთი, რომელიც მშობლიურ კუთხეში მისვლის შეუძლებლობას, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებას კიდევ უფრო ძნელს ხდის და მიუხედავად ამისა, მაინც რომ შეძლებ იყო წარმატებული, გამოადგე ქვეყანას, შენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას უცხო ქვეყანაში შეუწყობ ხელს ქართული ფესვებისა და სულის განმტკიცებაში, გაძლიერებაში, ეს უდიდესი საქმე და სამშობლოს უძლიერესი სიყვარულია.

მეამაყება საქართველოს ასეთი წარმატებული შვილები, მადლობას ვუხდი ქალბატონ თამარს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულისთვის, ვუსურვებ წარმატებებს თავის საქმიანობაში და მჯერა, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის გამარჯვება, ჩვენი უმთავრესი ოცნების - საქართველოს გამარჯვებისა და გაერთიანების საწინდარი იქნება." - დავით ფაცაცია

 

შეხვედრაზე ისაუბრეს პარლამენტისა და ისრაელის მეგობრობის ჯგუფის, დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთის მთავრობის მონაწილეობით დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის თაობაზე, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში გაიმართება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი პუბლიცისტი და მეცნიერი იაკობ ოფირი - ეფრემაშვილი, რომლის წიგნის პრეზენტაციაც აღნიშნულ კონფერენციაზე იგეგმება.

დავით ფაცაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის - „მეცნიერების თანამედროვე სტანდარტები – აფხაზეთის შემსწავლელი კვლევების გამოწვევები და პერსპექტივები“ საზეიმო გახსნას დაესწრო, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციით გაგრძელდა.

"ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლისთვის, დიდი პატივი და უაღრესად საინტერესო იყო კონფერენციაში მონაწილეობა. ჩვენი ისტორიისა და მომავლის დაცვას ყოველთვის სჭირდება სწორი მიმართულებით განვითარება და ინფორმაციების მიწოდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისთვის, ამ ყველაფრის საფუძველი კი განათლებასა და მეცნიერებაშია.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო ისრაელის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს ბატონ იაკობ ოფირს. გარდა იმისა, რომ მას დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, დასაფასებელია, ის დახმარება, რომელიც ბატონმა იაკობმა 90-იან წლებში ჩვენს სახელმწიფოსა და ხალხს გაუწია. საქართველოსა და ისრაელს ძმობის, მეგობრობის, სიყვარულის 26 საუკუნოვანი ისტორია აქვს, რაც არ არის უბრალოდ ძმობა და მეგობრობა, არამედ ეს არის უდიდესი თავგანწირვისა და თანაცხოვრების მაგალითი, რომლითაც შეიქმნა ბევრი ცივილიზებული ისტორიული პროცესი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, საზღვარგარეთ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ - ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას - „ერთობა ხვალისთვის“, რომლებმაც უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარეს აფხაზურ ცენტრს და აქტიურად ცდილობენ ქართულ-აფხაზურ საკითხებში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას. დასაფასებელია მათი მონდომება, ინიციატივები, რომლებიც ქმნიან მთელ პროცესს, მიმდინარეობასა და ციკლს ახალგაზრდების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის.

ძალიან მახარებს, ახალგაზრდების ასეთი დაინტერესება და ჩართულობა ქართულ-აფხაზური საკითხების მიმართ. ჩვენ უნდა დაუმტკიცოთ აფხაზ და ოს ძმებს, რომ ჩვენი თანაცხოვრება, საერთო კეთილდღეობა არის თითოეული ჩვენგანის მომავლის გადარჩენის პირველი ამოსავალი წერტილი, ამ საქმეში კი ახალგაზრდებსა და მათ სულისკვეთებას განსაკუთრებული როლი აქვს, რადგანაც ჩვენი სამშობლოს იდენტობისა და თავისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბევრი პროცესი სწორედ მათი აქტიური ჩართულობით გადაწყდა. ჩვენ კი, ვეცდებით, მათ მხარდაჭერას ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობებით.

კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი საზაფხულო სკოლის ყველა ორგანიზატორსა და განმახორციელებელს ამ მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო კონფერენციის მოწყობისათვის. ახალგაზრდებს კი, მინდა ვუთხრა, რომ თითოეული თქვენგანი არის აღჭურვილი უნიკალური შესაძლებლობებით და თქვენ უნდა იყოთ ის ძლიერი ძალა, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს." - დავით ფაცაცია

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების

სააგენტოს ორგანიზებით, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის, კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიის მხარდაჭერით საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე 25 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ კრეტაზე, ქ. ხანიაში მსოფლიო საპატრიარქოს კიდონიას და აპოკორონუსის მიტროპოლიის საერთაშორისო მულტიკულტურულ ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - ინტელექტუალურ, შემეცნებით, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, დაეთვალიერებინათ კუნძულ კრეტას ისტორიული ადგილები, შეეძინათ და განევითარებინათ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო და სხვა უნარ-ჩვევები.

საერთაშორისო ბანაკი ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის დირექტორის ბესიკ სილაგაძისა და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძის უშუალო ჩართულობით, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტების მერიების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საერთაშორისო ბანაკის დახურვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ლოცვა-კურთხევისთვის, მსოფლიო საპატრიარქოსა და საერთაშორისო ბანაკის ყველა მხარდამჭერს, რომელთა თანადგომითა და დახმარებითაც კუნძულ კრეტაზე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკი განვახორციელეთ.

ბედნიერი ვარ ახალგაზრდების შთაბეჭდილებების, განწყობების მოსმენით და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ შევძელით მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და ცოდნის მიცემა, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაეხმარებათ იყვნენ ჩვენი საზოგადოების ძლიერი, განვითარებული და ღირსეული წარმომადგენლები.

დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს ახალგაზრდები, ეს თაობა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა საქართველოს სიმტკიცისა და გაძლიერების, იმ ერთიანი სამშობლოს საფუძვლისა, რომელსაც გაბრწყინებული საქართველო, სიყვარული და ღმერთის რწმენა ჰქვია.

ჩვენ კი აუცილებლად გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რათა კიდევ უფრო მეტი დევნილი ახალგაზრდა ჩაერთოს მასში და მიიღოს კარგი გამოცდილება, რომელიც მჯერა დიდ როლს ითამაშებს ახალგაზრდების მომავალ წარმატებებსა და ჩვენი სამშობლოს გაძლიერების საქმეში.“- დავით ფაცაცია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების პროცესში დიასპორის ჩართულობის მნიშვნელობას. ყურადღება ქართულ-ბერძნულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე გამახვილდა.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერაა. აღნიშნულ პროცესში ქართული დიასპორების, უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ხრისოპიღიის დედათა მონასტრის წინამძღვარ იღუმენია თეოქსენს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის კუნძულ კრეტაზე საერთაშორისო ბანაკის მოწყობის მხარდაჭერისთვის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მათი თანადგომისათვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებას. ის ქართველი ბავშვები, რომლებიც უცხო ქვეყნებში იზრდებიან აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს და ერთად გავაძლიერებთ საქართველოს.“ - დავით ფაცაცია

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და სასულიერო პირები.