იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებასთან „ერთობა ხვალისთვის“ ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5 დღიანი პროექტი - „მშვიდობა როგორც ღირებულება“ განახორციელა.
პროექტში მონაწილეობდნენ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებასთან „ერთობა ხვალისთვის“ თავმჯდომარე გიორგი შერვაშიძე და მისი მოადგილე შორენა ახალაია ესწრებოდნენ.
„საინტერესო და ნაყოფიერი იყო პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან შეხვედრა, მათთან საქართველოს ერთიანობისა და განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე - კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზებზე, ქართულ-აფხაზური მეგობრული, ისტორიული ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი.
მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა, რომ თქვენი საქმიანობით ჩვენი სამშობლო იამაყებს არა მარტო დღეს, არამედ საუკუნეების განმავლობაში, მადლობას გიხდით მონდომებისთვის, თითოეული თქვენი სინათლე, თვალის ნაპერწკალი ჩვენთვის არის ძალიან დიდი ძალა და ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვიღებ მონაწილეობას ჩვენი ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რასაც საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანება ჰქვია.“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.