აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაციამ აფაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა.

 ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა საძმო საფლავი.

„დღეს, პატივი მივაგეთ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.

27 სექტემბერი არის საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და განსაკუთრებულად რთული თარიღი. 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი და აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციით დასრულდა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრება, იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიცოცხლე, 400 ათასზე მეტ ადამიანს კი მოუწია იძულებით სახლ-კარის დატოვება და საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება.

 

 

მინდა ქედი მოვიხარო საქართველოს უახლესი ისტორიის გმირების - ჟიული შარტავას, რაულ ეშბას, გურამ გაბესკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, არშაველ შენგელიას, სუმბათ სააკიანის, მიხეილ კოკაიას, მამია ალასანიას, ვახტანგ გეგელაშვილის, ალექსანდრე ბერულავას, მთავრობის დაცვის წევრებისა და ყველა სამშობლოსთვის მებრძოლის წინაშე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნისთვის თავი გაწირეს და მოგვცეს შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში.

 

ჩვენ ბევრი ტკივილი გამოვიარეთ თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას.“- დავით ფაცაცია.