აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაცია აფხაზური ცენტრის - „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ გახსნით ღონისძიებას დაესწრო

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ - ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების - ,,ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ცენტრი - „მესხი ახალგაზრდები ერთობისათვის“ გაიხსნა.

აფხაზური ცენტრი, რომლის მიზანია - ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა, მათი როლისა და ჩართულობის გაზრდა სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებაში, ქართულ-აფხაზური პრობლემების მრავალმხრივ ანალიზსა და აფხაზ თანატოლებთან კომუნიკაციების დამყარების გზების მოძიებაში, ახალგაზრდა სტუდენტების იდეის საფუძველზე შეიქმნა.

აფხაზური ცენტრის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„დიდ მადლობას ვუხდი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ - მაკა ბერიძე, ა(ა)იპ - ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას - ,,ერთობა ხვალისთვის“ ამ მეტად მნიშვნელოვანი და პრინციპულად აუცილებელი პროექტის წამოწყებისთვის, რომელსაც მალე სხვებიც შეუერთდებიან.

მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ პროცესში, რომელიც საქართველოს სიყვარულს, ერთიანობისთვის ბრძოლასა და ახალგაზრდების მომავლის მშენებლობას უკავშირდება.

აფხაზები და ქართველები ვართ ერთნი და აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ვიქნებით ერთმანეთის იმედი და მე მჯერა, რომ მსგავსი პროექტები, განვითარებული და პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩართულობით ითამაშებს გადამწყვეტ მნიშვნელოვან როლს ჩვენი ისტორიული ერთობის აღდგენაში.“ - დავით ფაცაცია