აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაცია ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად ხვდება დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს, რომლის მიზანია მათი და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების უფრო ეფექტურად განხორციელების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელ დავით მაქაცარიასთან ერთად, ამჯერად, ჩუღურეთის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამები და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილი პროექტები გააცნო.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩუღურეთის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და მათი საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.