აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში რისკების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით ტრენინგი ჩატარდა

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლებმა ირმა გელანტია-ახვლედიანმა და ცოტნე ხვიჩიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში რისკების მართვის სისტემის დანერგვის მიზნით ტრენინგი ჩაატარეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) კოორდინირებით ჩატარებული ტრენინგი განპირობებულია ევროკავშირის წინაშე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით“.

სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრის) წარმომადგენლებმა ისაუბრეს რისკების გამოვლენასა და მათ მართვაზე, ასევე, უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების დელეგირებაზე, ანგარიშგების სისტემების გაუმჯობესებასა და რისკის ოფიცრის განსაზღვრაზე.

სამინისტრო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით, სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან (ჰარმონიზაციის ცენტრთან) აქტიურად განაგრძობს მუშაობასა და შეხვედრებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, გვინდა, რომ სხვა საჯარო უწყებებისთვისაც მაგალითი ვიყოთ და აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაწესებულებებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების დანერგვის კუთხით ჩვენი სამინისტრო ერთ-ერთი მოწინავეა.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის მიზნით სამუშაო ჯგუფი უკვე შევქმენით და აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტთან (ჰარმონიზაციის ცენტრთან).“ - დავით ფაცაცია