აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დაწყებული ინტერვენციის შედეგად - ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.

დღეს პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოსთვის გაერთიანდნენ და ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

მიუხედავად ამდენი ტრაგედიისა, რაც ჩვენი საერთო მტრის პროვოცირებული კონფლიქტების შედეგად დღემდე გრძელდება, დარწმუნებული ვარ აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მშვიდობით მოვახდენთ ჩვენი ისტორიული ერთობის აღდგენას და ძლიერ, განვითარებულ საქართველოში თანაცხოვრებას.“ - დავით ფაცაცია.

მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.